მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუკი სიარულის დროს მცირე შესვენებებს გავაკეთებთ,
უფრო მეტ კალორიას დავწვავთ, ვიდრე იგივე მანძილის თავიდან ბოლომდე შეუსვენებლად დაფარვით. თემაზე nypost.com წერს.
სტატიის თანახმად, შესაბამისი კვლევის შედეგები Proceedings of the Royal Society-ში გამოქვეყნდა. დაკვირვება მიმდინარეობდა ათ მოხალისეზე, რომლებიც ვარჯიშებს შორის სამჯერ, 10 წამიდან 4 წუთამდე ინტერვალებით ისვენებდნენ.
მკვლევრები აფიქსირებდნენ თითოეული მონაწილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის დონესა და თითოეული ინტერვალის გავლენას მეტაბოლიზმზე.
ტესტებმა აჩვენა, რომ სიარულის ან ასვლის დროს, 10-დან 30 წამამდე ინტერვალით შესვენება მოითხოვს 60%-ით მეტ ჟანგბადს, ვიდრე იგივე მანძილის შეუჩერებლად დაფარვა.
კვლევის პირველი ავტორი, მილანის უნივერსიტეტის მეცნიერი ფრანჩესკო ლუჩანო ამ მოვლენას ასე ხსნის: როცა მოკლე მონაკვეთს ვფარავთ, მეტ ენერგიას ვხარჯავთ და ამიტომ მეტ ჟანგბადსაც მოვიხმართ. ეს იგივეა, გვყავდეს ავტომობილი, რომელიც მეტ საწვავს მოიხმარს პირველ რამდენიმე კილომეტრზე, ვიდრე შემდეგ.
მკვლევრები ამბობენ, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფ ადამიანებს სიარულის დაწყებამდე, გახურებისთვის მეტი ენერგია სჭირდებათ და – უფრო ნაკლები, როცა ისინი უკვე მოძრაობაში არიან.
„ანალოგია რომ მოვიყვანოთ, ავტომობილის ტარებას საწვავის გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რათა ძრავი ამუშავდეს ან ფარეხიდან გამოვიდეს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სტარტისას, როცა მშვიდი მდგომარეობიდან მოძრაობას ვიწყებთ, ჟანგბადის გარკვეულ რაოდენობას მოვიხმართ, რათა სიარული დავიწყოთ. ეს რაოდენობა დამოკიდებული არაა იმაზე, შემდეგ 10 წამი უნდა გავიაროთ თუ 30. ამიტომ პროპორციულად, მოკლე დისტანციაზე ენერგიის დანაკარგი უფრო მეტია, ვიდრე უფრო დიდი მანძილის შემთხვევაში,“ – განმარტავს მეცნიერი.
კვლევის პროცესში იზომებოდა ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილებები მრავალწუთიანი ფეხით სიარულის პირობებში. თუმცა ბევრ ადამიანს, მაგალითად ხანდაზმულებს და გადაადგილების პრობლემების მქონე პირებს, ხანგრძლივი სიარული უჭირთ.
ამ კვლევამ დაადასტურა სხვა კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, ფიზიკური აქტივობის მოკლე „აფეთქებები“ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მაგალითად, The Post-ი წერს, რომ სპორტულ აქტივობებს დღეში უმცირესი დროითაც კი – 4 წუთით – შეუძლია, მნიშვნელოვნად შეამციროს კიბოს გაჩენის რისკი.
ეს მიგნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების უმრავლესობა დღეში საათების განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში იმყოფება, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება დემენციის, ჭარბწონიანობისა და გულის დაავადებების რისკებს.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყოველდღიური სეირნობის სარგებელი დიდი ხანია ცნობილია. ეს აუმჯობესებს არაერთ პარამეტრს, კუჭის მოქმედებით დაწყებული, პოზიტიური განწყობის შექმნით დამთავრებული. ეს, ცხადია, არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”