ვარჯიში არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი წონის კლების გზაზე. ის არა მხოლოდ კალორიებს წვავს, არამედ კუნთების ზრდას უწყობს ხელს, რომლებიც კალორიებს მაშინაც შთანთქავს, როცა თქვენ არ მოძრაობთ. გამოცემა EatingWell-ი წერს, რომ პროფესიონალი მწვრთნელები მარჯიშისთვის საუკეთესო დროდ დღის პირველ ნახევარს ასახელებენ. თუმცა სპეციალისტების ნაწილი საღამოს ვარჯიშებსაც უჭერს მხარს და სამისო არგუმენტებიც მოჰყავთ.
არსებობს თუ არა საუკეთესო დრო გახდომის მიზნით ვარჯიშებისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების დიდი ნაწილი დილით ვარჯიშს უჭერს მხარს, ჯერჯერობით კვლევებს არ გაუცია საბოლოო პასუხი, არსებობს თუ არა დღის მონაკვეთი, რომელშიც გახდომის მიზნით ვარჯიში ყველაზე პროდუქტიულია.
გამოცემას მოჰყავს ერთ-ერთი ექსპერტის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დილის ვარჯიშები ხელს უწყობს წონის სწრაფად კლებას.
მისი თქმით, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც დილაობით ვარჯიშობდნენ, წელის გარშემოწერილობა და სხეულის მასის ინდექსი უფრო ნაკლები იყო მათთან შედარებით, ვინც საღამოობით ვარჯიშობდნენ.
ამასთან, დილის ვარჯიშებს უპირატესობა აქვს დღის დაგეგმვის კუთხითაც. გარდა ამისა, დღის დასაწყისში ფიზიკური აქტივობა დღის სტრესთან გამკლავებისთვის მომზადების კარგი საშუალებაა.
დილის ვარჯიშებთან დაკავშირებული კიდევ ერთი აქტუალური შეკითხვაა, ვარჯიშის დროს უნდა ვიყოთ თუ არა უზმოდ. ერთის მხრივ, ორგანიზმი იყენებს ჩვენი ცხიმის მარაგებს ენერგიის მისაღებად, რაც ზრდის ცხიმის წვის ტემპებს.
თუმცა, ამას, შესაძლოა მეორე მხარე ჰქონდეს – ცხიმთან ერთად, შესაძლოა, კუნთოვანი მასაც შემცირდეს, რაც ვარჯიშის ეფექტს ნულამდე დაიყვანს.
თუ დილაობით ვარჯიშს ვერ ახერხებთ ან, უბრალოდ, არ ხართ „ტოროლა“, დღისა და საღამოს ვარჯიშები მაინც შედეგის მომტანი იქნება. დღის ბოლოს ფიზიკური აქტივობისას, როგორც წესი, ნაკლებად ვჩქარობთ, ვიდრე დილაობით, სამუშაოს დაწყებამდე. ამიტომ ამ შუადღის შემდგომი ვარჯიში ძალიან ბევრ ადამიანს მეტ სიამოვნებას ანიჭებს.
გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ კუნთოვანი მასა პიკს დღის ბოლოს, 4-დან 8 საათამდე პერიოდში აღწევს. ამან კი შესაძლოა ვარჯიში გაგვიადვილოს და მისი ინტენსივობა გაზარდოს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, კვლევების თანახმადვე, საღამოს ვარჯიში ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”