დასაქმების შემდეგ ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობა და ძილის ხანგრძლივობა მცირდება – სპეციალისტების რეკომენდაციები

კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ადამიანების ძილი და ფიზიკური აქტივობა მკვეთრად მცირდება მას შემდეგ, რაც ისინი საქმდებიან და პროფესიულ ცხოვრებას იწყებენ. ამასთან, დიდ როლს ასრულებს მათი სამუშაო გარემო.

Advertising

ამის შესახებ news-medical.net-ი კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამსახურის დაწყებისთანავე, ახალგაზრდების ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა მკვეთრად იზრდება, თუმცა შემდგომი წლების განმავლობაში იკლებს, ასევე მცირდება მათი ძილის ხანგრძლივობა.

კვლევის ცალკე ნაწილი ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც სახლიდან მუშაობენ. აღმოჩნა, რომ სამსახურის დაწყების შემდეგ მათი ფიზიკური აქტივობა მცირედით იკლებს, თუმცა ძილის ხანგრძლივობა არ უარესდება.

სპეციალისტების თქმით, 16-დან 30 წლამდე ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მართალია, ამ ასაკში ფიზიკური ჯანმრთელობის პიკზე ვართ, თუმცა ამავდროულად ესაა დრო, როცა ქრონიკული დაავადებების ბევრი ფაქტორი შეიძლება განვითარდეს. საუბარია გულის დაავადებების, დიაბეტისა და სიმსივნეების შესახებ.
გაიდლაინების თანახმად, ამ ასაკში ადამიანების ძილის რეკომენდებული დრო დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდეა. გარდა ამისა, აუცილებელია კვირაში 150 წუთის განმავლობაში ზომიერი ფიზიკური აქტივობა. ასევე ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიურად მიღება.

ახალგაზრდობა ის პერიოდიცაა, როცა ადამიანების უმრავლესობა მუშაობას იწყებს, რაც მათ ყოველდღიურ ჩვევებსა და საქმიანობას ცვლის. დრო, ფული, სოციალური და ფიზიკური გარემო – ეს ყველაფერი მომავალში მათ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს.

კვლევის ფარგლებში, 3 ათასზე მეტ ახალგზრდაზე დაკვირვება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი ყველა მონაწილე 16-დან 30 წლამდე ასაკის იყო და მათ პირველი სამსახური 2015-დან 2023 წლამდე პერიოდში დაიწყეს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის ელეანორ უინპენის თქმით, მეცნიერებისთვის ცნობილია კოლეჯის მოსწავლეების ფიზიკური აქტივობისა და ძილის ხანგრძლივობის შესახებ, თუმცა მეცნიერებამ ცოტა რამ იცის იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც უკვე მუშაობენ.

„იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელიც, შესაძლოა, სამსახურმა თქვენს ცხოვრებაზე იქონიოს, ასევე იმ გრძელვადიანი ზემოქმედების გამო, რომელიც მან შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე მოახდონოს, აუცილებელია გავიგოთ, რა ხდება ამ გარდამავალ პერიოდში,“ – განაცხადა უინპენიმ.

ანალიზმა აჩვენა, რომ სამსახურის დაწყების შემდეგ ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობა იზრდებოდა იმ მოცულობით, რომელიც 28-წუთიან ზომიერ აქტივობას (მაგალითად, ველოსიპედით სიარულს) შეესაბამება, შემდეგ კი ყოველწლიურად იკლებდა დღეში 7 წუთის ოდენობით.

რაც შეეხება ძილს, სამსახურის დაწყებისთანავე ახალგაზრდების ძილის პერიოდი თითქმის 10 წუთით შემცირდა.

რა არის გამოსავალი და ის მეთოდები, რომლებმაც ადამიანები სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული რისკებისგან უნდა დაიცვას? უინპენის პასუხი ასეთია:

„სამუშაო ადგილებზე შესაძლოა, შეიქმნას ისეთი გარემო და კულტურა, რომლებიც ახალგაზრდა დასაქმებულებში ხელს უწყობს ჯანსაღ კვებას, მაღალ ფიზიკურ აქტივობასა და უკეთეს ძილს. ეს კი მიგვიყვანს იქამდე, რომ კომპანიას ეყოლება უფრო ჯანმრთელი თანამშრომლები და ნაკლები ბიულეტენი უკვე მოკლევადიან პერსპექტივაში. ასევე ამას შეუძლია ჰქონდეს გრძელვადიანი უპირატესობები, რადგან ეს თავიდან აგვაცილებს ჯანმრთელობის პრობლემებს ხანდაზმულ ასაკში,“ – განაცხადა უინპენიმ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

როგორ დავიკლოთ წონაში უსაფრთხოდ და სიამოვნებით

წონაში დაკლება მხოლოდ დიეტებსა და მკაცრ შეზღუდვებს არ გულისხმობს. წარმატებული და ჯანსაღი პროცესისთვის საჭიროა ბალანსირებული …