food

არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა და შაქრიანი სასმელების დაბეგვრა – ჯანმოს რეკომენდაციები საქართველოს

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ჯანმოს მონაცემებით, 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი. გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო 11% მსუქანი.

Advertising

ამ მდგომარეობის გამოსწორების გზებსა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობას მიეძღვნა ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“, რომელიც თბილისში გაიმართა.

ჯანმოს განცხადებით, სიმსუქნე კომპლექსური ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რაც აზიანებს ჯანმრთელობას. უმეტეს შემთხვევაში, სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია გარემოს ზეგავლენით, ფსიქო-სოციალური ფაქტორებით და გენეტიკური ვარიანტებით.

სიმსუქნე ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს და გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. ის უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ძილსა და ადამიანის მობილობაზე. სიმსუქნე ევროპაში არაგადამდები დაავადებების რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების და თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ასევე მაღალია სიმსუქნის ეპიდემიის გავლენა ეკონომიკაზე.

ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ასოცირდება როგორც ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დიდ რისკთან და მათ ადრეულ გამოვლენასთან, ასევე არასასურველ ფსიქო-სოციალურ შედეგებთან.

„ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს შეიმუშაონ და განახორციელონ სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა, რათა შემცირდეს მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ტვირთი. სიმსუქნესთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მოიაზრებს ყოვლისმომცველ მიდგომებს, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი კვების პოლიტიკა სკოლებში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა, შაქრიანი სასმელების დაბეგვრა, საკვების ეფექტური ეტიკეტირების დანერგვა, ჯანსაღი საკვების წარმოების და მარკეტინგის მხარდაჭერა, წონის კლებისა და მართვის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა“ – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ვარჯიშის მიზანი მხოლოდ წონაში კლება არ უნდა იყოს

სიტყვა „ვარჯიში“ ხშირად ასოცირდება წონაში კლებასთან, თუმცა სინამდვილეში ვარჯიში გახდომის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არ არის. სპეციალისტების თქმით, წონის კლების დიდი წილი მოდის სწორ კვებაზე, ისეთ ვარჯიშებსაც კი, რომლებიც არ უკავშირდება წონის კლებას, ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია და მათზე უარი არ უნდა ვთქვათ.