ვარჯიში – ესაა გულის თავისებური წამალი და ისევე, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში, მისი ეფექტიანობისთვის სწორი „დოზის“ მიღებაა საჭირო, თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ დოზა შეიძლება ყველასთვის ერთნაირი არ იყოს.
თემაზე გამოცემა sciencealert.com-ი წერს და მოყავს კვლევა, რომლის თანახმად, მამაკაცებს დაახლოებით ორჯერ მეტი ვარჯიში სჭირდებათ, ვიდრე ქალებს, რათა გულის დაავადებების რისკი თანაბრად შემცირდეს.
ახლახანს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 37-73 წლის 85 000-ზე მეტ ბრიტანელ ზრდასრულ ადამიანს სთხოვეს, შვიდი დღის განმავლობაში მაჯაზე აქსელერომეტრი (მოწყობილობა, რომელიც ზომავს სხეულის მოძრაობას და აქტივობის დონეს) ეტარებინათ. კვლევის ავტორები თითოეული მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თითქმის რვა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც კვირაში დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ზომიერიდან ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას ახორციელებდნენ (აქტივობებს, როგორიცაა სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედით სიარული ან ცეკვა, რომლებიც სუნთქვასა და გულისცემას აჩქარებს) გულის კორონარული დაავადების დაახლოებით 30%-ით დაბალი რისკი ჰქონდათ.

მამაკაცებს მსგავსი შედეგის მისაღწევად იგივე ტიპის ფიზიკური აქტივობის შესრულება დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში დასჭირდათ.
იგივე შედეგები გამოიკვეთა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც გულის დაავადებები უკვე ჰქონდათ. დასკვნის თანახმად, რომ გულის კორონარული დაავადების დიაგნოზის მქონე ქალებს კვირაში დაახლოებით 51 წუთი ფიზიკური აქტივობა სჭირდებოდათ, რათა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის რისკი 30%-ით შეემცირებინათ, მაშინ როცა მამაკაცებს იგივე შედეგისთვის 85 წუთამდე ვარჯიში სჭირდებოდათ.
შესაძლოა, ეს დასკვნები რიგითი ადამიანებისთვის შოკისმომგვრელად ჟღერდეს, თუმცა ისინი ადასტურებს იმას, რასაც სპეციალისტები წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ.
არსებობს მკაფიო ბიოლოგიური მიზეზი, რომელიც ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ განსხვავდება ქალებისა და მამაკაცების ფიზიკური აქტივობის შედეგები.
კერძოდ, ქალებს, როგორც წესი, მამაკაცებთან შედარებით ესტროგენის უფრო მაღალი დონე აქვთ. ამ ჰორმონს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ვარჯიშზე.
ესტროგენს შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს მეტი ცხიმის დაწვაში, როგორც ენერგიის წყარო და ხელს უწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებას – ნაწილობრივ მათი ენერგიის გამომმუშავებელი მიტოქონდრიების მხარდაჭერით.
ქალებს ასევე აქვთ უფრო ნელა შეკუმშვადი კუნთოვანი ბოჭკოები, რომლებიც ეფექტური და დაღლილობისადმი მდგრადია. ეს კუნთები შეესაბამება სტაბილურ, მდგრად ფიზიკურ აქტივობას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვლევის თანახმად, ყოველკვირეული აქტივობის ზრდა დაკავშირებულია გულის კორონარული დაავადების დაბალ რისკთან როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ყველა სარგებლობს მეტი მოძრაობით. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რამდენად უზრუნველყოფს აქტივობა რისკის თანაბარ შემცირებას.
კვლევა არ ამტკიცებს, რომ ქალებმა ნაკლები ვარჯიში უნდა გააკეთონ და არც იმას, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ მსგავსი სარგებლის მიღწევა. ის მხოლოდ აჩვენებს, რომ მამაკაცებს შეიძლება დასჭირდეთ მეტი ყოველკვირეული აქტივობა ამის მისაღწევად.

თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც გასათვალისწინებელია.
რადგან ეს დაკვირვებითი კვლევაა, სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეეძლოთ ნაწილობრივ გავლენა მოეხდინათ შედეგებზე, არ იქნა გათვალისწინებული – მაგალითად, მენოპაუზის სტატუსი (როდესაც ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად ეცემა) ან იყენებდა თუ არა ქალი ჰორმონოთერაპიას (რასაც შეუძლია ესტროგენის გარკვეული დონის აღდგენა). ამ ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ქალის სხეული ვარჯიშზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოხალისეები UK Biobank-ის კვლევიდან იყვნენ. ეს მოხალისეები, როგორც წესი, უფრო ჯანმრთელები და ნაკლებად გაჭირვებულები არიან, ვიდრე ზოგადი მოსახლეობა – ეს კი ის ფაქტორებია, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის საწყის ჯანმრთელობაზე, ვარჯიშისთვის უსაფრთხო ადგილებზე წვდომასა და ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობაზე. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად ფართოდ ვრცელდება შედეგები ყველაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის გულის ასოციაციისა და NHS-ის მიერ შემოთავაზებული ვარჯიშის მიმდინარე რეკომენდაციები სქესის მიხედვით ნეიტრალურია. თუმცა, ახალი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ამ რეკომენდაციებს – აჩვენებს, რომ ისინი შესაძლოა ყველასთვის თანაბრად არ ვრცელდებოდეს.
ათწლეულების განმავლობაში, ვარჯიშის შესახებ კვლევების უმეტესობა ძირითადად მამაკაცებზე ტარდებოდა და ხშირად ვარაუდობდნენ, რომ შედეგები ქალებისთვისაც თანაბრად ვრცელდებოდა. მოწყობილობებზე დაფუძნებული მონაცემების მიღებასთან ერთად, ჩვენ ვიგებთ, რომ ქალებმა და მამაკაცებმა შეიძლება განსხვავებული შედეგი მიიღონ აქტიური ვარჯიშის თანაბარი ხანგრძლივობის შემთხვევაში.
საქმე არ ეხება ქალებისთვის ნაკლები ვარჯიშის შესახებ მითითებას. 150-წუთიანი საწყისი მაჩვენებელი კვლავ სასარგებლო სამიზნედ რჩება – და ბევრი ადამიანი ჯერ არ აღწევს მას. ეს დასკვნები იმაზე მიუთითებს, რომ ქალებმა, რომლებიც ამჟამინდელ მიზნებს ასრულებენ, შეიძლება ვარჯიშის ყოველ წუთში გულის ჯანმრთელობისთვის მეტი სარგებელი დაინახონ. ეს იმედისმომცემი ამბავია ყველასთვის, ვისაც უფრო ხანგრძლივი ვარჯიშისთვის დროის გამონახვა უჭირს.
მამაკაცებისთვის, გზავნილი არ არის „გაორმაგებული დრო სპორტდარბაზში“. ეს არის აქტივობის შენარჩუნება ისე, რომ ის თქვენს კვირას შეესაბამებოდეს.
მანამ, სანამ გულის რეაბილიტაცია უფრო პერსონალიზებული გახდება, მთავარი გზავნილია: მეტი იმოძრავეთ, ნაკლები იჯექით. თუ შეგიძლიათ, ყოველ კვირას ვარჯიშისთვის საბაზისო 150 წუთი უნდა გამოყოთ, ხოლო თუ შეგიძლიათ, ეს დრო გაზარდოთ.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი