მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ისედაც მოძრავები და მოქნილები არიან, მშობლებისთვის ზედმეტი არ იქნება იმის ცოდნა, რა ბენეფიტები მოაქვს ფიზიკურ აქტივობას მათი შვილებისთვის და როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები ამ კუთხით.
თემაზე სტატიას აქვეყნებს გამოცემა kidshealth.org, რომელიც წერს, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებლის გარდა, ფიზიკური აქტივობა ბავშვებში ძილს აუმჯობესებს. გარდა ამისა, მოზარდები სწავლაში მეტ წარმატებას აღწევენ და მათში დეპრესიის განვითარების რისკი იკლებს. ბავშვები, რომლებიც სპორტში არიან ჩართულები, უკეთ უმკლავდებიან ფიზიკურ და ემოციურ პრობლემებს იქნება ეს ავტობუსამდე მისწრება თუ ტესტისთვის მომზადება.
ბავშვების გამძლეობა იზრდება, როდესაც ისინი რეგულარულად არიან დაკავებულები აერობული აქტივობებით. აერობული ვარჯიშების დროს მოძრაობაში მოდის მსხვილი კუნთები, გულისცემის ტემპი იზრდება და ადამიანი უფრო მძიმედ სუნთქავს. აერობული აქტივობის შედეგად უმჯობესდება უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესი.
ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება: კალათბურთი, ველოსიპედით სიარული, ციგურებით სრიალი, ფეხბურთის თამაში, ცურვა, ჩოგბურთი, ძუნძული, სირბილი და სხვა.
ბავშვები უფრო ძლიერები ხდებიან, როცა ცოცავენ, დგებიან ხელებზე. ამ მხრივ ეფექტიანია ხტუნვა და სირბილიც.
ასევე ძალიან სასარგებლოა გაჭიმვების ისეთი ფორმები, როგორიცაა შპაგატში ჩაჯდომა, საბრძოლო ხელოვნება, მაგალითად კარატე. ეს ყველაფერი ბავშვების მოქნილობას აუმჯობესებს.
დღევანდელი ბავშვები აუცილებლობის გარეშე უფრო დიდხანს არიან მჯდომარე მდგომარეობაში, ვიდრე ადრე. ისინი საათებს ატარებენ ეკრანების წინ, რაც ჭარბი წონის მიზეზი ხდება.
ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი მათი აქტიურობის გასაზრდელად არის იმ დროის შეზღუდვა, როცა ისინი სხედან, განსაკუთრებით ტელევიზორისა და ტელეფონის მოხმარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, მშობლებისადმი ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციებია:
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნის პერიოდი დღეში მაქსიმუმ 1 საათი უნდა იყოს. 18 თვემდე ასაკის ბავშვებს კი რაიმე სახის ეკრანის წინ დროის გატარების საშუალება საერთოდ არ უნდა მისცეთ.
აირჩიეთ მაღალი ხარისხის პროგრამები და უყურეთ მათ ბავშვებთან ერთად, რათა დაეხმაროთ მათ იმის გააზრებაში, რასაც უყურებენ.
ტელევიზორები, კომპიუტერები, პლანშეტები, ტელეფონები და ვიდეოთამაშები მოაცილეთ ბავშვების საძინებლებს.
გამორთეთ ეკრანები ჭამის დროს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მშობლები უნდა დაეხმარონ ბავშვებს ისეთი ვარჯიშების კეთებაში, რომლებიც მათ ასაკს შეესაბამება. აქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენს ყოველდღიურობად. მაგალითად, ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლეთ.
თქვენი ცხოვრების წესი ოჯახის სხვა წევრებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”