ფიზიკური აქტივობა საქმეების ორგანიზებაში, დაგეგმვასა და ემოციების კონტროლში გვეხმარება

სეირნობას, ცეკვასა თუ სახლის საქმეებს ვარჯიშს არავინ უწოდებს, თუმცა ყოველდღიურობაში ყველა სახის მოძარაობა აქტივობად მიიჩნევა.

Advertising

თუკი გსურთ, საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად თქვენს ცხოვრებაში ერთი მცირე ცვლილება შეიტანოთ, უბრალოდ, მეტი იმოძრავეთ. ეს გააუმჯობესებს თქვენს ძილსა და ტვინის ჯანმრთელობას და შეამცირებს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს.
თემაზე სტატიას Uchealth.org-ი აქვეყნებს და წერს, რომ ფიზიკურ აქტივობად მიიჩნევა ისეთი მოძრაობებიც კი, როგორიცაა სწრაფი სეირნობა, სახლის მტვერსასრუტით დასუფთავება და ა.შ.
კარდიოლოგ დევიდ როზემბაუმის თქმით, ცხოვრების მჯდომარე წესთან შედარებით ისეთი მოძრაობებიც კი სასარგებლოა, როგორიცაა სეირნობა, სახლის საქმეები.

„ყველაფერს, რასაც აკეთებ, აქვს მნიშვნელობა,“ – აღნიშნა მან.

ექსპერტების თქმით, ფიზიკური ვარჯიშები იმდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ექიმებს პაციენტებისთვის ერთადერთი რეცეპტის გამოწერა რომ შეეძლოთ, ისინი ერთადერთ სიტყვას „ვარჯიშს“ დაწერდნენ.

მათი რჩევები ასეთია: ადექით ოფისის სავარძლიდან და დერეფანში გაისეირნეთ, მიდით წყლის აპარატთან ან საპირფარეშოსთან. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში, ძილსა და ტვინის და, ზოგადად, ფიზიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

ექსპერტების რჩევაა, ჯანსაღ ჩვევებსა და ვარჯიშს ჩვენი შვილებიც მივაჩვიოთ და ისინი ამისკენ წავახალისოთ. კერძოდ, ბავშვებმა 6-დან 17 წლამდე ასაკში ფიზიკურ აქტივობას დღეში 60 წუთი მაინც უდნა დაუთმონ.

სასარგებლოა ვარჯიშები ძვლების გასაძლიერებლად, ბალანსისა და მოქნილობის განსავითარებლად. შეგიძლიათ ბავშვები სხვადასხვა პრაქტიკაში, მაგალითად იოგაში ჩართოთ.
„უბრალოდ, იმოძრავეთ, იქნება ეს ვარჯიში თუ სხვა სახის ფიზიკური აქტივობა. რაც მეტად ვმოძრაობთ, მით უკეთ ვგრძნობთ თავს, უკეთ ვფუნქციონირებთ და გვძინავს. ლიფტის ნაცვლად ადით კიბით. დააპარკინგეთ მანქანა მაღაზიებისგან შორს,“ – ამბობს როზენბაუმი.

იმისთვის, რომ სარგებელი მივიღოთ, ფიზიკური ვარჯიშებისადმი მინიმალური მოთხოვნები არ არსებობს. არსებობს რეკომენდაციები, როგორ შეიძლება მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაზრდა.

ამ მიდგომების შედეგად, უმჯობესდება ძილი, კოგნიტური ფუნქციები, მცირდება შფოთვა, წესრიგდება არტერიული წნევა.

ეს ბენეფიტები კი უფრო იზრდება აქტივობების რეგულარულ შესრულებასთან ერთად. საინტერესოა, რომ ეს დადებითი შედეგები, მაგალითად არტერიული წნევა, ნარჩუნდება ვარჯიშიდან რამდენიმე საათისა და დღის განმავლობაშიც კი.

რაც შეეხება ძილს, ფიზიკური აქტივობა გვეხმარება მალე ჩაძინებაში, ძილის ხანგრძლივობა და ხარისხი უმჯობესდება, ძილი უფრო ღრმა ხდება. დღის განმავლობაში კი ადამიანები ძილიანობას აღარ უჩივიან.

„ფიზიკური ვარჯიშები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი აბი, რომელსაც სვამთ. არ არსებობს წამალი და, ჩემი აზრით, არც არასდროს იარსებებს, რომელსაც რისკისა და სარგებლის ისეთივე ურთიერთმიმართება ექნება, როგორიც ფიზიკურ ვარჯიშებს აქვს. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი „ინსტრუმენტია“, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ,“ – განაცხადა კარდიოლოგმა უილიამ ქორნუელმა.

მისი თქმით, როცა ფიზიკური აქტივობა რეგულარული ხდება, ეს აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, რაც ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზებაში, მომავლის დაგეგმვასა და ემოციების კონტროლში გვეხმარება.

ქორნუელი ამერიკის სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ადამიანები არც ისე დაკავებულები არიან, როგორც ამას თავად ფიქრობენ. კერძოდ, მას მოჰყავს 2017 წლის მონაცემი, რომლის თანახმადაც, ამერიკელები ტელევიზორს დღეში თითქმის 8 საათის განმავლობაში უყურებდნენ.

„ვარჯიშიარაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ცხოვრების წესია. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ტელევიზორი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა (ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.) და 30 წუთით სასეირნოდ გახვიდეთ ოჯახთან ან ძაღლთან ერთად, ან საოფისე საქმეებისგან შეისვენოთ. ეს უნდა იყოს იმის ნაწილი, რაც ვართ,“- აღნიშნა კარდიოლოგმა.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

როგორ დავიკლოთ წონაში უსაფრთხოდ და სიამოვნებით

წონაში დაკლება მხოლოდ დიეტებსა და მკაცრ შეზღუდვებს არ გულისხმობს. წარმატებული და ჯანსაღი პროცესისთვის საჭიროა ბალანსირებული …