ადრეულ ასაკში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევების დაწყების სტატისტიკა შემაშფოთებელია.
შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 11 – 14 წლის ბავშვებს შორის ტკივილის ინციდენტობა ასეთია:
კისრის ტკივილი – 22%;
წელის ტკივილი – 27%.
კისრისა და წელის ტკივილის ინციდენტობა მაღალია და დაწყებითი კლასების მოსწავლეებში 72%-ს აღწევს .
10 – 19 წლის მოზარდთა 75% უჩივის ზურგის ტკივილს:
გოგონები – 83%;
ბიჭები – 64%.
ექსპერტები მოუწოდებენ სკოლების წარმომადგენელს, პრობლემის პრევენციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაეცნონ. ერთ-ერთი ქვეყანაა ფინეთი და მისი კონცეფცია „სკოლები მოძრაობაში“.
ამ ქვეყანაში მოსწავლეებს საშუალო სკოლის ზედა კლასებში უწევთ დღეში დაახლოებით ცხრა საათი ჯდომა. ათიდან დაახლოებით ერთმა საშუალო სკოლამ და პროფესიულმა სასწავლებელმა გარკვეული პრაქტიკა დანერგა ჯდომის შესამცირებლად და ფიზიკური აქტივობების გასაზრდელად.
თანამშრომლების 90% მიიჩნევს, რომ ფიზიკური აქტივობა სასწავლო დღის განმავლობაში ხელს უწყობს სწავლას და სწავლით სიამოვნების მიღებას. სტუდენტების 70% კი ფიქრობს, რომ ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს მათ სწავლაში. პროექტის შედეგებმა აჩვენა, რომ აკადემიური მოსწრება რეალურად გაუმჯობესდა.
გერმანიაში კი დატესტეს პროექტი “მოძრავი საკლასო ოთახი“, რომლის განსახორციელებლად დაწყებით სკოლებში სამუშაო პოზისა და მოძრაობის ხელშეწყობის ფედერალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამ მეთოდის პრინციპებია: ჯდომის დროს მოძრაობა, სწავლის დროს მოძრაობა, მოძრაობებს შორის წყვეტა, მნიშვნელობის გაცნობიერება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.
როგორია საქართველოს სკოლებში ვითარება ამ კუთხით, უცნობია და არც შესაბამისი კვლევები არსებობს.
სტატია შექმნილია შრომის ინსპექციის მონაცემთა საფუძველზე
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”