ვენდოთ თუ არა სატარებელ მოწყობილობებს, რომელთა მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ მათ შეუძლიათ პასუხისმგებლობა აიღონ ჩვენი ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის მონიტორინგზე? ამ საკითხს ეხება ბრიტანული გამოცემა lboro.ac.uk და მიდის დასკვნამდე, რომ ფიზიკური აქტივობის წასახალისებლად ეს მოწყობილობები საკმაოდ ეფექტიანია, რასაც ვერ ვიტყვით ჯანმრთელობის პარამეტრებზე.
სულ ახლო წარსულამდე, სხვადასხვა გაჯეტი ორიენტირებული იყო აქტივობის კომპონენტებისა და ფიზიკური მომზადების (მაგალითად, ნაბიჯების და აქტივობის ხანგრძლივობა) გაზომვაზე. თუმცა მწარმოებლები თავიანთი მოწყობილობების პროგრამებს უფრო ხშირად უმატებენ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებლებს საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგის საშუალებას აძლევს. ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა Apple და Fitbit, ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქტები არაერთ სამედიცინო მაჩვენებელსაც ზომავს.
პარალელურად, არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც ამგვარი მოწყობილობების სიზუსტეს ზომავს. მათ შორისაა ნაბიჯების რაოდენობა, პულსი, დამწვარი კალორიები.
კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მოწყობილობების მიერ ნაბიჯებისა და გულის შეკუმშვების დათვლა საკმაოდ ზუსტია, თუმცა კალორიების შემთხვევაში შედეგი შესაძლოა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.
როცა კვლევის მონაწილეები ერთდროულად ორ სხვადასხვა მოწყობილობას ატარებენ, თითოეულ მათგანზე გამოსახული ციფრები, შესაძლოა, მსგავსი იყოს, მაგრამ არა – იდენტური. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ერთსა და იმავე ინფორმაციას იღებენ, თუმცა მწარმოებლებს თავიანთი უნიკალური დათვლის სისტემები აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევებმა დაადასტურა Apple Watch-ისა და Fitbit-ის საათების მაღალი სიზუსტე გულის რიტმის გაზომვისას, ექსპერტები გვირჩევენ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში მხოლოდ ამ ტექნოლოგიებს არ ვენდოთ.
ძალიან ბევრი სატარებელი მოწყობილობა გამოიყენება ფიზიკური აქტივობის გაზრდისთვის. კვლევებიც ადასტურებს, რომ ასეთი ტექნოლოგიები ადამიანებს რეალურად ეხმარება, გაზარდონ ფიზიკური აქტივობა და წონაში დაიკლონ. ამ ტექნოლოგიების წყალობით, ადამიანები დღეში საშუალოდ დამატებით 1800 ნაბიჯს დგამენ.
თუმცა მთავარი კითხვაა, რამდენად მუშაობს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში? კვლევების უმეტესობა აღნიშნულ შედეგს მოკლევადიან პერსპექტივაში (6 თვეზე ნაკლები პერიოდი) განიხილავს, თუმცა უფრო ხაგრძლივი დროით – მაგალითად რამდენიმეწლიან ჭრილში, ინფორმაცია მათი ეფექტიანობის შესახებ ძალიან ცოტაა.
სიზუსტისა და ეფექტიანობის მიუხედავად, ამგვარი მოწყობილობების მფლობელები აღნიშნავენ, რომ მათი გამოყენებით კმაყოფილები არიან. ეს კარგია, მით უფრო, რომ კლვლევები თქვენი ფიზიკური ფორმისთვის მათ სარგებლიანობას ადასტურებს.
* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”