სიარული, ცურვა, ველოტრენაჟორი – რა სახის ფიზიკური აქტივობაა დასაშვები ორსულობის პერიოდში

ცნობილია, რომ ორსულობის დროს ფიზიკური ვარჯიშები დადებით გავლენას ახდენს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობაზე.

Advertising

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საიტზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, დადასტურებულია, რომ ფიზიკური აქტივობა ორსული ქალების უმრავლესობისთვის სასარგებლოა. უპირატესობებს შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქება. რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მათ შორის სიარული და ცურვა, კარგი საშუალებაა ზურგის ტკივილის შემსუბუქებისთვისა და ხასიათის გამოსწორებისთვის.

გარდა ამისა, ქალები, რომლებიც ორსულობის პერიოდში სპორტს მისდევენ, დიდი ალბათობით ფიზიოლოგიურად მშობიარობენ და არა საკეისრო კვეთის გზით. ამასთან, მათ აქვთ ჭარბი წონის, წნევის ან პრეეკლამფსიის განვითარების ნაკლები რისკი. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს იმასაც, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს ნაადრევი მშობიარობის და ნაყოფის მცირე წონის რისკებს.
მშობიარობის შემდეგ, ექიმის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფიზიკური ვარჯიშები ასევე ახდენს მშობიარობის შემდგომი ისეთი გართულებების პრევენციას, როგორიცაა თრომბოზი, განწყობის გაუარესება და ჭარბი წონა.


მეანებისა და გინეკოლოგების ამერიკული კოლეჯის, ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების რეკომენდაციაა, ორსულობის დროსა და მშობიარობის შემდეგ ქალი ფიზიკური აქტივობით კვირაში არანაკლებ 150 წუთის განმავლობაში იყოს დაკავებული, თუმცა შესაბამისი ნებართვა მას ექიმმა უნდა მისცეს, რათა გართულებები აირიდოს თავიდან. ეს დრო, შესაძლოა, დანაწევრებული იყოს ხანმოკლე პერიოდებად.

არსებობს ვარჯიშების რამდენიმე ტიპი, რომლებიც, ექსპერტების თქმით, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ ქალისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა. მათ შორისაა სიარული, ცურვა და წყლის ვარჯიშები, ველოტრენაჟორის გამოყენება, მოდიფიცირებული იოგა და პილატესი. ქალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ძუნძულით სირბილსა და სპორტის ამა თუ იმ სახეობაში არიან ჩართულნი, შეუძლიათ გააგრძელონ ასეთი აქტივობები ექიმთან შეთანხმებით.

მეცნიერების თქმით, ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელობანი რამაა, რისი გაკეთებაც ადამიანებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შეუძლიათ.

ამასთან, ორსულმა ქალებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოცემული რეკომენდაციები არაა სამედიცინო კონსულტაციის ტოლფასი და აუცილებელია, თავის ექიმს გაესაუბროს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია და რა სახის ფიზიკური აქტივობაა მისთვის დასაშვები.

 

Good Life Georgia ყველა დედას ულოცავს დედის დღეს!

* * *

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …