როგორ ვისწავლე სირბილით სიამოვნების მიღება ერთ თვეში – ამ თემაზე საკუთარ გამოცდილებას CNN-ის ფიტნეს-გამოცემის ავტორი მადლენ ჰოლკომბი გვიზიარებს.
სტატიის დასაწყისში ის ამბობს, რომ სირბილი რამდენიმეწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ შეიყვარა.
როგორ შეძლო მან ამის გაკეთება?
ამბობს, რომ მას არაერთი ადამიანი არწმუნებდა დილის სირბილის მნიშვნელობასა და მომხიბვლელობაზე, თუმცა მადლენი მაშინ ფიქრობდა, რომ ისინი, უბრალოდ, იტყუებოდნენ.
„მე მიყვარს სპორტი და მივსდევ მას. მთელი დღე ველოდები ცეკვის გაკვეთილებს, იოგისა და საბრძოლო ხელოვნების ვარჯიშებს. მაგრამ სირბილი – ვარჯიში, რომლის კეთებაც ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი – ყოველთვის აუტანლად მეჩვენებოდა,“ – ამბობს იგი, თუმცა საკუთარ უფროსთან, დევიდ ალენთან საუბრის შემდეგ, მაინც გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა და 5-კილომეტრიან გარბენზე ჩაეწერა.
მადლენი იხსენებს, რომ, როცა სასწავლებლად კოლეჯში წავიდა, მამამ ერთი რჩევა მისცა, რომელიც ახლაც ეხმარება:
„როცა თავს მარტოდ, მოწყენილად და დათრგუნულად გრძნობ, ან მოტივაცია გაქვს დაკარგული, უბრალოდ, ადექი და ბოტასები ჩაიცვი. როგორც კი ფეხსაცმელს ჩაიცვამ, საკუთარი თავისთვის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, შესაძლოა, სპორტდარბაზში ან სასეირნო ბილიკზე აღმოჩნდე, ან სულაც სარეცხის რეცხვა დაიწყო.“
მადლენი ამბობს, რომ ეს მიდგომა სირბილის ჩვევის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
„იმ ფიქრით გაღვიძება, რომ საკუთარი თავი უნდა ვაიძულო, გავოფლიანდე, დიდი წინააღმდეგობა იყო, რომელიც უნდა გადამელახა. რუტინა გაცილებით სასიამოვნო გახდა, როდესაც დილით ჩემი მთავარი მიზანი იყო ფეხსაცმლის ჩაცმა და ქუჩაში გასვლა. სირბილი იყო ის, სადამდეც მივდიოდი, როცა ვტკბებოდი მზის შუქით, ჩემი საყვარელი ფლეილისტით ან აუდიოწიგნით,“ – ამბობს მადლენი.
მისივე თქმით, მან მალევე აღმოაჩინა, რომ როგორც კი სხეულს სირბილისადმი შეგუების დრო მისცა, სრულიად ბუნებრივად, მისი მოძრაობები უფრო სწრაფი ხდებოდა, მანძილი კი – გრძელი. ამან მას თავი სპორტსმენად აგრძნობინა.
სირბილის დაწყება ნიშნავდა, რომ ამით მას სიამოვნება უნდა მიეღო, ეს კი მას კომფორტის განცდას ანიჭებდა.
მწვანე ზონაში სირბილი ან საყვარელ კაფემდე სირბილით მისვლა – ესაა ჩვევები, რომლებმაც მადლენს სიმშვიდის განცდა მიანიჭა.
ამასთან, მან გადაწყვიტა, პირველ ეტაპზე მარტოს ერბინა, რათა სწრაფი პარტნიორისთვის ფეხის აწყობა არ დასჭირვებოდა.
ახალი ჩვევის ჩამოყალიბების მიუხედავად, მადლენი სირბილით „შეპყრობილი“ არ გამხდარა.
არსებობს აქტიური ცხოვრების სხვა არაერთი მეთოდი და სწორედ ისინი წარმოადგენენ მადლენისთვის ფიზიკური ცხოვრების ცენტრალურ ელემენტებს.
„ახლახანს დავამთავრე აქტიური დღე, როდესაც მაგიდასთან, სავარძელზე ვიყავი მიჯაჭვული. დღის ბოლოს კი აღმოვაჩინე, რომ ბოტასებს ვიცვამ და სარბენად მივდივარ ისე, რომ ამის შესახებ არც დავფიქრებულვარ. ეს მართლაც კარგი რამაა. ეს ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. მიხარია, რომ აღმოვაჩინე აქტივობა, რომელიც შემიძლია ვაკეთო ყოველგვარი დაგეგმვის და წევრობის გადასახადის გარეშე,“ – ამბობს იგი.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”