დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი ამოსავალი ღირებულებებია, ზოგიერთი ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა ცხოვრების აქტიური წესის პროპაგანდით, ჯანსაღი კვების ჩვევების გავრცელებითა და გამორჩეული ფიტნეს-ცენტრების სიმრავლით. ესაა ქალაქები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრების ადგილები არაა, ესაა ჯანმრთელობის ცენტრები, სადაც ადამიანები პრიორიტეტს ანიჭებენ ფიზიკურ აქტივობასა და დაბალანდებულ კვებას. ბრიტანული კომპანია la Muscle, რომელიც 1997 წელსაა დაფუძნებული და პრემიუმ-კლასის სპორტული საკვების მიმწოდებელია, თავის საიტზე ჩამოთვლის იმ ქალაქებს, სადაც, კომპანიის სპეციალისტების შეფასებით, ცხოვრების აქტიური წესისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.
კოპენჰაგენი, დანია
დანიური სამზარეულო აქცენტს აკეთებს ჯანსაღ პროდუქტებზე, ცილებზე და მსხვილმარცვლოვან პროდუქტებზე. ტრადიციული კერძები, ომეგა-3-ით მდიდარი თევზეული, ინფრასტრუქტურა – ველოსიპედების ბილიკების კარგად განვითარებული ქსელი, ქვეითებზე მორგებული გზები, პარკებისა და სპორტული დარბაზების სიმრავლე, რაც მოქალაქეებს ფიტნესზე უფასო წვდომას აძლევს… – ეს ყველაფერი ადამიანებს მეტად მოძრავს, აქტიურს და ჯანმრთელს ხდის. ველოსიპედით გადაადგილება კოპენჰაგენელების ცხოვრების წესია. ქალაქში მოქალაქეების 50%-ზე მეტი სწორედ ველოსიპედით გადაადგილდება. პარკებში ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იოგით არიან დაკავებულები, ან სანაპიროზე, ჯგუფურად ვარჯიშობენ.
ტოკიო, იაპონია
იაპონური საკვები დაბალანსებულობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში შედის თევზი, ბოსტნეული, ბრინჯი და ტოფუ. ულუფების კონტროლსა და პრეზენტაციებს დიდ ყურადღებას აქცევენ, რაც გაცნობიერებულ კვებას განაპირობებს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ტოკიოში არის უამრავი პარკი და დასვენების ადგილები. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მორბენალ ადამიანებს. ძალიან პოპულარულია მხატვრული ტანვარჯიში და ტაი ჩის ვარჯიშები. მაღალტექნოლოგიური ფიტნეს-ცენტრები ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ტოკიოში ძალიან გავრცელებულია ფეხით სიარულის პრაქტიკა. საომარი ხელოვნება და მედიტაცია კი მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაშ განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
სტოკჰოლმი, შვედეთი

შვედური სამზარეულო მთავარ აქცენტს მსხვილმარცვლოვან პროდუქტებზე, ხილზე, თევზსა და უცხიმო ხორცზე აკეთებს. აქ არსებობს კონცეფცია „ფიკა“ – ესაა შესვენება ყავასა და წახემსებაზე, რომელიც სოციალური კავშირების დამყარებას განაპირობებს. ცხადია, სტოკჰოლმის ინფრასტრუქტურაც „სპორტულია“: ბუნებრივი სილამაზე და ბაღები შერწყმულია სათხილამურო ტრასებთან, საფეხმავლო ბილიკებთან და კაიაკინგის მარშრუტებთან. საზოგადოებრივი აუზები და სასრიალო მოედნები წლის ნებისმიერ დროს მუშაობს. შვედები ყველა სეზონზე, ღია სივრცეში დიდ დროს ატარებენ. ქალაქში სხვადასხვა ფიტნეს-ღონისძიებები, სირბილსა და სპორტის სხვა სახეობებში შეჯიბრებები მუდმივად ტარდება.
ვანკუვერი, კანადა
კვებაში კანადელები აქტიურად იყენებენ ადგილობრივ ორგანულ ინგრედიენტებს. ზღვის პროდუქტები, სუში და კაშკაშა სალათები – ესაა ქალაქის სამზარეულოს მთავარი კერძები. ვანკუვერი მთებით და ოკეანითაა შემოსაზღვრული და სუფთა ჰაერზე ვარჯიშის უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. მათ შორისაა თხილამურებზე სრიალი, სერფინგი… ქალაქის პარკების ფართო სისტემა ადამიანებს სთავაზობს უამრავ ადგილს სირბილისთვის, ველოსიპედზე სიარულსა და იოგისთვის.
მელბურნი, ავსტრალია
მელბურნის კვების კულტურა მრავალფეროვანი და ეკლექტურია, ის ახალ, სეზონურ ინგრედიენტებს ემყარება. ავოკადოს ტოსტები, სმუზები და ცივი დაწურვის წვენები ქალაქელებს შორის ძალიან პოპულარულია. ამასთან, ქალაქში არის ბევრი პარკი და ბილიკები სირბილისა და ველოსიპედით სიარულისთვის. ფიტნესის მოყვარულებს შეუძლიათ ტრენაჟორებით სარგებლობა ღია ცის ქვეშ. მელბურნის მცხოვრებლებს ძალიან უყვართ სპორტი, ავსტრალიური ფეხბურთი კი ადგილობრივ მოსახლეობაში სპორტის ფავორიტი სახეობაა.
პორტლანდი, აშშ
პორტლენდი განთქმულია თავისი სამზარეულოთი „ფერმიდან მაგიდამდე,“ რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი წარმოების ორგანულ ინგრედიენტებს. ვეგანური და ვეგეტარიანული კერძები თავიანთი მრავალფეროვნებით გვაოცებენ. ქალაქში არის ველობილიკების დიდი ქსელი, ასევე ბევრი სიმწვანე, რაც მოქალაქეებს აქტიური წესით ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. პორტლენდში ძალიან პოპულარულია ველოსიპედით მგზავრობა, აქ არის სპეციალური ველობილიკები და ველოსიპედებით ერთობლივი სარგებლობის პროგრამები. აქ მცხოვრებ ადამიანებს ასევე ძალიან უყვართ ფეხით სიარული და ადგილობრივ სპორტულ ლიგებში მონაწილეობა.
მიუნხენი, გერმანია
მიუნხენის სამზარეულო ბავარიულ კერძებსა და მსუბუქ ხემსებს აერთიანებს, როგორიცაა სალათები და ხორცი გრილზე. პარკები და გამწვანება კი სუფთა ჰაერზე ვარჯიშის შესაძლებლობას იძლევა. საზოგადოებრივი აუზები და სასრიალო მოედნები მთელი წლის განმავლობაში ემსახურებიან მოქალაქეებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ძალიან მოსახერხებელია ველოსიპედისტებისთვის. მიუნხენში მთელი წლის განმავლობაში ტარდება ფიტნეს-ფესტივალები და სპორტული ღონისძიებები.
რეიკიავიკი, ისლანდია
ისლანდიური სამზარეულოს ამოსავალი წერტილი ზღვის პროდუქტები, ცხვრის ხორცი და რძის ნაწარმია.
რაციონის განუყოფელი ნაწილია ადგილობრივი ბოსტნეული და კენკრა. მცირე ზომის მიუხედავად, რეიკიავიკში მრავალრიცხოვანი აუზები, ფიტნეს-დარბაზები და სპა-ცენტრებია. ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარულია აქტიური დასვენების ისეთი სახეები, როგორიცაა ფეხით სიარული და ცხენით ჯირითი. ისლანდიის შესანიშნავი პეიზაჟები იდეალურ პირობებს ქმნის თავგადასავლებისთვის ღია ცის ქვეშ, მათ შორის ყინულებს შორის მოგზაურობისა და თხილამურებზე სრიალისთვის.
სინგაპური
სინგაპურის სამზარეულო წარმოადგენს ჩინური, ინდური და დასავლური გემოების სინთეზს. ახალი ხილი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტები – ასეთი მრავალფეროვანია სინგაპურის გასტრონომიული გემოვნება. სინგაპურის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოიცავს პარკებს, დასასვენებელ ზონებსა და ბაღებს, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად დაისვენონ. ქალაქში არის თანამედროვე ფიტნეს-ცენტრები და სპორტული კომპლექსები. სინგაპურელები ფიტნესის არაერთ სახეობას მისდევენ: დაწყებული ტრადიციული საომარი ხელოვნებით და მოდური ვარჯიშებით დამთავრებული, როგორიცაა მაგალითად CrossFit-ი და HIIT-ი. ქალაქის აქტიურ ცხოვრებას მხარს უჭერს სამთავრობო ინიციატივები, რომლებიც ფიზიკური აქტივობის დანერგვას და განვითარებას უწყობს ხელს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”