მარტივი წესები რთული პრობლემების თავიდან ასარიდებლად – რეკომენდაციები საოფისე თანამშრომლებისთვის

იმისთვის, რომ ცხოვრების მჯდომარე წესის ნეგატიური შედეგები ავირიდოთ თავიდან, ელემენტარული და მარტივად შესასრულებელი რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო. ამ თემაზე ექიმმა-რეაბილიტოლოგმა გიორგი თოფჩიშვილმა რადიო „მაესტროს“ გადაცემაში „მაესტროს ანატომია“ ისაუბრა.

Advertising

მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა და საოფისე სამსახურმა ადამიანის მოძრაობა პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა.

„ადამიანები 9-10 საათის განმავლობაში სხედან ოფისებში, ამას ემატება საათი-საათნახევარი საცობში ყოფნა და თამამად შეგვიძლია თქმა, რომ დღის 50% ჯდომა გვიწევს. ცხოვრების მჯდომარე წესი კი ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, რადგან ჰიპოდინამია იწვევს სისხლის მიმოქცევის და ინერვაციის დაქვეითებას როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურებში. ამ დაქვეითების დროს კუნთები ტონუსს კარგავს, ფაქტობრივად თავის თავს ვეღარ იჭერს და იწყება რიგი პრობლემები – დაჭიმულობა, დაძაბულობა, წვის შეგრძნებები და ა.შ.“ – განაცხადა თოფჩიშვილმა.

ცნობისთვის: ჰიპოდინამია ნიშნავს კუნთების სისუსტეს, რომელიც ცხოვრების მჯდომარე წესითა და მოძრაობის შეზღუდვით არის განპირობებული.

ინერვაცია კი არის ნერვული ბოჭკოების კავშირი რომელიმე ორგანოსა ან ქსოვილთან. ამ ბოჭკოების საშუალებით ორგანოს ან ქსოვილს გადაეცემა სამოძრაო იმპულსები, ხოლო თავის ტვინს – სენსორული იმპულსები.

იმ ადამიანებს, რომლებსაც საოფისე სამსახური აქვთ, გიორგი თოფჩიშვილი რამდენიმე, მარტივად შესასრულებელ რეკომენდაციას აძლევს:

40 წუთი-ერთი საათის ჯდომის შემდეგ 2-3 წუთით ავდგეთ და ელემენტარული მოძრობები შევასრულოთ, როგორიცაა სიარული, ფეხის თითის წვერზე აწევები  და სხვა.
სპეციალისტი ამბობს, რომ აუცილებელია, ეს მოძრაობები ყოველ 40 წუთში ან საათში ერთხელ ვაკეთოთ და არა იმ დროს, როცა წელი შეგვაწუხებს. ეს პრაქტიკა რომ ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციოთ, შეგვიძლია, საათიც კი დავაყენოთ, რომელიც შეგვახსენებს, რომ ადგომის და გავლა-გამოვლის დროა.

თოფჩიშვილი ყურადღებას ამახვილებს ბავშვებზეც და ამბობს, რომ იგივე ჩვევის ჩამოყალიბებაში მათ მშობლები და მასწავლებლები უნდა დაეხმარონ, მით უმეტეს, რომ ბავშვების შემთხვევაში შესაძლოა სქოლიოზი ან სხვა რთული პრობლემები განვითარდეს.

“ბავშვების ხერხემალი არაა ჯერ ჩამოყალიბებული და გაძვალებული, არის ადვილად დრეკადი და დამყოლი როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენ. აქედან გამომდინარე, ბავშვებში დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც შემდგომ სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზში გადადის. მოზარდებს რაც შეეხება, ასიმეტრიის შემთხვევაში ისინი მიჰყავთ ცურვაზე, მაგრამ როცა უკვე ტანდეგობის დარღვევა გვაქვს – მენჯის და მხრების ასიმეტრია, რომელიც უკვე სქოლიოზში გადადის, ცურვა და ასეთი აქტივობები შედეგიანი არ არის. აუცილებელია ჯერ კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და ცურვის და სხვა აქტივობების ამის შემდეგ დაგეგმვა,“ – ამბობს გიორგი თოფჩიშვილი. მისი განმარტებით, ზოგადად ცურვა კარგია, მაგრამ როცა ასიმეტრია გამოხატული, ცურვის დროს უყველა კუნთი ერთნაირად იტვირთება, შესაბამისად, უფრო მეტ ასიმეტრიას მივიღებთ. სწორედ ამიტომ, ჯერ სპეციალისტის ჩარევით და სამკურნალო პროგრამით უნდა გამოსწორდეს ასიმეტრია და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოზარდმა ცურვა და სხვა ფიზიკური აქტივობები.

 

რაც შეეხება მოზრდილებს, სპეციალისტის განმარტებით, სწორედ მჯდომარე ცხოვრების წესია იმის მიზეზი, რომ არაერთი ადამიანი მიმართავს სპეციალისტებს ჩივილებით, რომ ბავშვის აყვანის ან ელემენტარული სიმძიმის აწევის დროს პრობლემა შეექმა, მაგალითად დაეჭიმა წელი, მაგრამ, თოფჩიშვილის თქმით, ამ პრობლემის სათავე სწორედ დიდხანს ჯდომაა. როცა კუნთები აღარაა ტონუსში და სისხლის მიმოქცევა საკმარისი არ არის, ელემენტარული მოძრაობებიც კი პროვოცირებას უკეთებს თიაქარს, სქოლიოზს და სხვა პრობლემებს.

შეჯამების სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე ადგომა და ელემენტარული მოძრაობების კეთება ის მარტივი მეთოდია, რომელსაც ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკშიც სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შეუძლია.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ფიზიკური აქტივობის ზრდა არ მოითხოვს ყოველდღიურ ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს – ახალი კვლევა

კვლევის ერთ-ერთი აღმოჩენა ისაა, რომ ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენა, ვარჯიშის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, აღარ იზრდება. კვლევის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ძალიან დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანები დარწმუნდებიან, რამდენად სასარგებლოა ფიზიკური აქტივობის გაზრდა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.