მკვლევრებმა აღმოაჩინეს ახალი არგუმენტები, თუ როგორ უწყობს ხელს ვარჯიში წონის დაკლებას.
კვლევა ბეილორის სამედიცინო კოლეჯის, ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს, ასევე სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგები Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობის დროს წარმოქმნილი Lac-Phe (ესაა ბიოლოგიურად აქტიური მცირე მოლეკულა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში და ცხოველებში, განსაკუთრებით ფიზიკური ვარჯიშის დროს), თაგვებში მადას ამცირებს და წონის დაკლებას უწყობს ხელს.
„რეგულარული ვარჯიში ითვლება წონის დაკლებასა და სიმსუქნესთან დაკავშირებულ ისეთ დაავადებებთან ბრძოლის საშუალებად, როგორიცაა დიაბეტი ან გულის დაავადებები. ვარჯიში ხელს უწყობს წონის დაკლებას ორგანიზმის მიერ გამოყენებული ენერგიის გაზრდით, თუმცა, სავარაუდოა, რომ სხვა მექანიზმებიც არის ჩართული,“ – განაცხადა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა იანგ ჰემ.
მანამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლში Lac-Phe-ის დონე ყველაზე მეტად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ იზრდება, რაც შეინიშნება არა მხოლოდ თაგვებში, არამედ ადამიანებსა და დოღის ცხენებშიც. მეცნიერთა იმავე გუნდმა ადრე დაადასტურა, რომ ჭარბწონიანი თაგვებისთვის Lac-Phe-ს მიცემა ამცირებს საკვების მიღებას და ხელს უწყობს წონის დაკლებას მავნე გვერდითი მოვლენების გარეშე. თუმცა, მექანიზმი, რომლითაც Lac-Phe თრგუნავს მადას, აქამდე კარგად არ იყო შესწავლილი.
გუნდმა აღმოაჩინა, რომ Lac-Phe პირდაპირ მოქმედებს AgRP ნეირონებზე, თრგუნავს მათ აქტივობას და ამით საშუალებას აძლევს PVH ნეირონებს უფრო აქტიური გახდნენ.
AgRP ნეირონები არის სპეციფიკური ტიპის ნერვული უჯრედები, რომლებიც ჰიპოთალამუსში მდებარეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მადის ზრდაზე, ის ასევე აფერხებს ნაადრევად დანაყრების შეგრძნებას.
PVH ნეირონები კი პასუხისმგებელნი არიან მადის დაქვეითებასა და ენერგიის ხარჯვაზე.
შედეგად, თაგვები ნაკლებ საკვებს მოიხმარდნენ. მნიშვნელოვანია, რომ მათი საერთო ქცევა უცვლელი დარჩა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Lac-Phe ამცირებს მადას უარყოფითი გვერდითი მოვლენების გამოწვევის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა თაგვებზე იყო ფოკუსირებული, მკვლევრებმა შედეგები ადამიანებისთვის იმედისმომცემად შეაფასეს. მომავალი კვლევები შეისწავლის, თუ როგორ მოქმედებს Lac-Phe სხვადასხვა მეტაბოლურ მდგომარეობაში, როგორიცაა სიმსუქნე და სიგამხდრე, როგორ აღწევს ის ტვინამდე და შეიძლება თუ არა მისი უსაფრთხო და ეფექტურ თერაპიად ჩამოყალიბება.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
 ჯანსაღი ცხოვრების პორტალი
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი 
				 
			 
			 
		