ფიტნეს-ტრენდი, რომელიც „იაპონური სიარულის“ სახელითაა ცნობილი, ინტერნეტში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. მის უპირატესობად სახელდება ჯანმრთელობისთვის სარგებლის მიღება მინიმალური მოწყობილობებით, დროის მცირე მონაკვეთში.
„იაპონური სიარული“ სწრაფი და ნელი მოძრაობის ინტერვალებზეა დაფუძნებული. ის იაპონელი პროფესორის ხიროში ნოსესა და დოცენტ სიძუე მასუკის მიერაა შექმნილი. სიარულის ეს სახეობა გულისხმობს სამწუთიან სიარულს შედარებით მაღალი ინტენსივობით, რასაც მოსდევს უფრო დაბალი ინტენსივობის ასევე 3-წუთიანი სიარული. ეს ვარჯიში უნდა შესრულდეს მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, კვირაში ოთხჯერ.
მაღალინტენსიური სიარული გულისხმობს ისეთ სიარულს, რომლის დროსაც ლაპარაკი შესაძლებელია, თუმცა სრულფასოვანი საუბარი რთულია.
სხვა ინტერვალურ და ზოგადად, სხვადასხვა სახის სიარულთან შედარებით, „იაპონური სიარული“ არ მოითხოვს დიდ დროს და არც 10 ათასი ნაბიჯის მიღწევას, რაც მას ადამიანების უმეტესობისთვის ძალიან ხელსაყრელს ხდის.
რაც შეეხება ჯანმრთელობის სარგებელს, კვლევის თანახმად, ადამიანებმა, რომლებიც იაპონური სიარულის მეთოდს იყენებდნენ, წონის შემცირება აღნიშნეს. მათივე ნათქვამით, შეუმცირდათ არტერიული წნევა მათთან შედარებით, ვინც დაბალი ინტენსივობის უწყვეტ სიარულს ანიჭებდა უპირატესობას.
გრძელვადიანმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იაპონური სიარული გვიცავს ძალისა და ფიზიკური ფორმის შესუსტებისგან, რაც დაბერების პროცესს ახლავს.
სპეციალისტები გვირჩევენ, ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ რეგულარულად შევასრულოთ ზომიერი ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობები და ეს ჩვევად ვაქციოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი არჩევანი იაპონური სიარულია, ეს ნამდვილად ღირებული გადაწყვეტილება იქნება.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”