saati

ვენდოთ თუ არა „ჭკვიან საათებს“ ჯანმრთელობისა და ფიტნესის საკითხებში – ექსპერტის შეფასება

„ჭკვიანი საათი“ აღარ არის მოწყობილობა მხოლოდ მესიჯებისთვის, მუსიკის მოსმენისა და დროის გასაგებად (ეს უკვე მოძველებულია). ის არაერთი ადამიანისთვის უკვე გახდა ჯანმრთელობის რუტინის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, შეუძლია კი მას გულის პრობლემების, მაგალითად არარეგულარული გულისცემის ან გულის შეტევის გამოვლენა? რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა, შეუძლია თუ არა ჟანგბადის დონის ან გლუკოზის მაჩვენებლის გაზომვა. შეუძლიაა თუ არა მას ძილთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაშიც დაგვეხმაროს?

Advertising

Insider Intelligence/eMarketer-ის მონაცემებით, 2023 წელს აშშ-ის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ჭკვიან საათს ან სხვა ისეთ მოწყობილობას ატარებდა, რომელიც ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონიტორინგისთვის გამოიყენება. პროგნოზების მიხედვით, 2026 წლისთვის ჭკვიან სატარებელ მოწყობილობებს 100 მილიონზე მეტი ამერიკელი გამოიყენებს.

Cnn.com-ის სპეციალური ფიტნეს-გამოცემა ჭკვიანი საათების საკითხებზე ველნეს- ექსპერტს, დოქტორ ლიანა ვენს გაესაუბრა. ვენი არის გადაუდებელი დახმარების ექიმი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს ჭკვიანი საათი და უყვარს ვარჯიში.

მისი თქმით, ბევრი ჭკვიანი საათი ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება სმარტფონს. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ტელეფონის ზოგიერთი ფუნქციით, როგორიცაა ტექსტური შეტყობინებების მიღება, მუსიკის მოსმენა ან თუნდაც სატელეფონო ზარებზე და ელფოსტაზე პასუხის გაცემა.

მისივე განმარტებით, ბევრ ჭკვიან საათს ასევე აქვს ფიტნესისა და ჯანმრთელობის მონაცემების მონიტორინგის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც მას ძალიან მოსწონს, არის ნაბიჯების დათვლა. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიური „ნაბიჯების მიზნების“ დასახვა ამცირებს გულის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს.

მაგალითად, მარტში გამოქვეყნებული ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანებში, რომლებიც დროის დიდ ნაწილს უმოძრაოდ ატარებენ, დღეში 9,000-დან 10,000-მდე ნაბიჯის გადადგმა 21%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ნაადრევი სიკვდილის ალბათობა კი 39%-ით იკლებს. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც შარშან გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ დღეში თუნდაც 4,000 ნაბიჯის გადადმა აადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ჭკვიანი საათის გამოყენება შესაძლოა, მოტივაციის წყაროც იყოს, რათა ადამიანებმა მეტი ნაბიჯი გადადგან და უკეთ იმოძრაონ.

რაც შეეხება კითხვას, შეუძლია თუ არა ჭკვიან საათებს გულის პრობლემებისა და გულის შეტევის რისკის განსაზღვრა, ლიანა ვენის თქმით, არ არის დამტკიცებული, რომ ამ მოწყობილობას გულის შეტევების ნიშნების ამოცნობა შეუძლია.

„თუ გრძნობთ გულმკერდის ტკივილს და თქვენი ჭკვიანი საათი გიჩვენებთ, რომ გულისცემისა და ელექტროკარდიოგრამის მონაცემები ნორმალურია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა. აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჭკვიანი საათები ვერ შეცვლიან სამედიცინო მონიტორინგის მოწყობილობებს. ადამიანებმა, ვისაც ექიმმა ურჩია, რომ გულის მონიტორინგის სპეციალურ მოწყობილობას საჭიროებენ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს რჩევა,“ – ამბობს ექსპერტი.

ლიანა ვენის თქმით, არსებობს ბევრი ჭკვიანი საათი, რომელთა მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათ მოწყობილობას შეუძლია არარეგულარული გულის რიტმის გამოვლენა. ესაა მდგომარეობა, რომელიც, მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, ინსულტის რისკს ზრდის და მისი დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თქვენ საკუთარ სხეულს უნდა მოუსმინოთ. თუ გახშირებულ გულისცემას გრძნობთ, გაქვთ ქოშინი და ტკივილი მკერდის არეში, ანდაც თავბრუსხვევა და სხვა უცნაური შეგრძნებები, ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი ჭკვიანი საათი აჩვენებს, რომ გულისცემის რიტმი ნორმაშია,“ – ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება სისხლში ჟანგბადის ან გლუკოზის დონის განსაზღვრას, მისი თქმით, ჭკვიანი საათის მიერ სისხლში ჟანგბადის განსაზღვრის სიზუსტე ცვალებადია. მაგალითად, თუ ამ პარამეტრის განსაზღვრა ფილტვების პრობლემების გამო გსურთ, ამ მიზნით სპეციალური მოწყობილობით უნდა ისარგებლოთ.

პულსომეტრები ზოგადად საიმედო მოწყობილობადაა ცნობილი, თუმცა უახლოესმა კვლევებმა დაადგინა, რომ მუქი კანის მქონე ადამიანებში მათი სიზუსტე შედარებით იკლებს.

სისხლში გლუკოზის დონესთან დაკავშირებით კი FDA-მ გამოსცა რეკომენდაცია მომხმარებლების მიმართ, არ იყიდონ და არ გამოიყენონ ჭკვიანი საათები ან ჭკვიანი ბეჭდები, რომელთა მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს მოწყობილობები სისხლში გლუკოზის დონეს ზუსტად განსაზღვრავენ. FDA კი აცხადებს, რომ ეს მოწყობილობები გლუკოზას ზუსტად ვერ ზომავენ. დიაბეტის მქონე ადამიანებმა, რომლებმაც მედიკამენტების დოზები გლუკოზის დონის მიხედვით უნდა მიიღონ, შესაძლოა, წამლები არასწორი დოზირებით მიიღონ.

ეს კი მათთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ჭკვიან საათებს ჯერჯერობით არ შეუძლია ამ კუთხით სამედიცინო აპარატურის ჩანაცვლება.

კიდევ ერთი სფერო, სადაც ჭკვიანი საათები აქტუალურია, ძილია, რადგან არაერთი ასეთი საათი ადამიანის ძილს აკვირდება და შეუძლია იმის თქმა, რამდენი ხანი გეძინათ და რა დრო გაატარეთ ძილის სხვადასხვა ფაზაში.

ლიანა ვენი ამბობს, რომ მისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ეს ინფორმაცია სასარგებლოა.

„მე ყოველთვის მქონა ძილის პრობლემები, ამიტომ სხვადასხვა ნივთით ექსპერიმენტებს ვატარებ. მაგალითად, მედიტაცია ძილის წინ, წიგნის კითხვა და სხვადასხვა პოზაში ძილი. მე მომწონს ის მონაცემები, რომლებსაც ჭკვიანი საათი მაწვდის ჩემი ძილის ხანგრძლივობის შესახებ,“ – ამბობს ექსპერტი.

მისი შეფასებით, ჭკვიან საათებს სარგებელი მოაქვს იმ ადამაინებისთვის, რომლებსაც მონაცემები აინტერესებთ. მათ შორის კი თავადაცაა, რადგან ის მას აწვდის მონაცემებს, რომლებსაც მისი ინფორმირება და მოტივირება შეუძლია.

თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთათვისაც მონაცემები შესაძლოა უსარგებლო და სტრესულიც კი იყოს.

„ჭკვიანი საათი – ესაა ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია თქვენი დახმარება მიზნის მიღწევაში ჯანმრთელობისა და ფიტნესის სფეროში. მათ თქვენს ცხოვრებაში სტრესი და ზეწოლა არ უნდა მოჰქონდეს,“ – აღნიშნა CNN-ის ექსპერტმა.

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში ჭკვიანი საათი სახლში უნდა დავტოვოთ, რათა ვარჯიშის დროს, მათ სტრეში არ შეგვიქმნას და ფიზიკური აქტივობა უფრო თავისუფალი და სიხარულის მომტანი იყოს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …