ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს, ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებს ყველა სიტუაციაში და ყოველთვის უერთგულოს. ასეთი პერიოდებია, მაგალითად, სადღესასწაულო დღეები, მოგზაურობა, ნათესავებთან სტუმრობა. როგორ ვთქვათ უარი სამაგიდო თამაშზე და ამის მაგივრად ვივარჯიშოთ? როგორ ვთქვათ უარი ბებიის გამომცხვარ უგემრიელეს ორცხობილაზე?
ამ თემებზე CNN-ის ფიტნესის რუბრიკაში ექსპერტები საუბრობენ.
ფიტნესის სპეციალისტი დანა სანტასი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ასეთ პერიოდებშიც შევინარჩუნოთ ისეთი ქცევები, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღესასწაულების ან დასვენების დროს, ყველა სიამოვნებაზე უარი უნდა ვთქვათ.
მისი თქმით, ასეთ დროს უნდა დავემშვიდობოთ მოლოდინებს, რომ იგივეს შეჭამთ და იმავე ინტენსივობით ივარჯიშებთ, როგორც სხვა დღეებში. თუმცა, ამასთან ერთად, შეგიძლიათ გააკეთოთ ერთი მცირედი რამ, რათა კავშირზე დარჩეთ თქვენს კარგ ჩვევებთან.
რაციონში უჯრედისისა და ცილების არარსებობამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თქვენი კუჭის მოქმედებაზე, ენერგიის დონეზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვერ შეძლებთ შვებულებიდან სათანადო სიამოვნების მიღებას.
უჯრედისი ნახშირწყლების ჯგუფია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება მცენარეულ საკვებში. ეს საკვებია: ხილი, ბოსტნეული (ბარდა, ბროკოლი, კარტოფილი), პარკოსნები (ლობიო, მუხუდო, ოსპი), თხილი და მარცვლეული (ნუში, მიწისთხილი, ჩიას მარცვლები) და ბურღულეული (შვრია, ქინოა, წიწიბურა). ცილები კი გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ საკვებში. ესენია: ქათმის, საქონლის, ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე.
ამასთან, სპეციალისტების თქმით, ძალიან მკაცრმა მიდგომამ იმის მიმართ, „რა შეიძლება და რა არა“, ასევე შეიძლება არასასიამოვნო შედეგები მოგვიტანოს. მეტიც: ასეთი დამოკიდებულება, შესაძლოა, ტაბუდადებული საკვების ზემდეტი მიღების მიზეზიც კი გახდეს.
სანტასის თქმით, ჯანსაღი კვებიდან გადახვევის შედეგად ადამიანებს დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ. შვებულებების და დღესასწაულების დროს კი რეჟიმის დარღვევა, ფაქტობრივად, გარდაუვალია. ამაში კი არის საფრთხე, რომ საერთოდ უარს იტყვით მცდელობებზე, თავი უკეთ იგრძნოთ.
ასეთ დროს, იმის მაგივრად, რომ იფიქროთ, რა ცოტა იმოძრავეთ ან არასაკმარისი ბოსტნეული მიირთვით, მიმდინარე გრაფიკში ჯანსაღი ჩვევები უნდა დანერგოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სიამოვნება მიიღოთ დასვენებითა და გართობით.
„ეს არ ნიშნავს, რომ უარს ამბობთ ჯანმრთელობაზე, თუმცა ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავისუფლდებით ამასთან დაკავშირებულ დანაშაულის გრძნობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკუთარი თავის საბოტაჟი იქნება,“ – აღნიშნა სანტასმა.
დატკბით ბებიის ნამცხვრით, მშვიდად იარეთ სტუმრად, წადით რესტორანში, უბრალოდ, მიირთვით ბოსტნეული და ხილიც.
ყოველ ჯერზე, როცა კოფეინის ან ალკოჰოლის შემცველ სასმელს დალევთ, ჭიქა წყალიც შეუკვეთეთ. თუმცა, დასვენებით ტკბობას საკუთარ რაციონზე ზედმეტი ფიქრით ნუ ჩაიშხამებთ.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობებს, სპეციალისტების თქმით, მოძრაობისა და ოჯახთან დროის გატარების შეთავსება სავსებით შესაძლებელია.
სანტასის განმარტებით, სადღესასწაულო დღეებში ფიზიკური აქტივობა და თუნდაც მხოლოდ მოძრაობა, არ ნიშნავს, რომ ოფლის დაღვრამდე უნდა ივარჯიშოთ ან სუფრასა და ახლობლების შეკრებას გამოაკლდეთ.
სპეციალისტის თქმით, მოგზაურობა ადამიანის სხეულისთვის შესაძლოა მძიმე გამოცდა იყოს, ამიტომ ნებისმიერი მოძრაობა სასარგებლოა, რომელიც შებოჭილობისა და ხანგრძლივი ჯდომის ალტერნატივა იქნება.
„ნებისმიერ დროს, როცა ეს შეგიძლიათ, ადექით და იმოძრავეთ ისე, როგორც თქვენი სხეული ინტუიციურად გკარნახობთ. ეს შეიძლება იყოს გაწელვები, ბრუნების გაკეთება, ჩაჯდომა. უბრალოდ, ამოძრავეთ თქვენი სხეული და იგრძენით, რომ მას ეს სჭირდება,“ – აღნიშნა სანტასმა.
მისი კიდევ ერთი რეკომენდაციაა სიცივეში, სუფთა ჰაერზე თუნდაც 10-წუთიანი სეირნობა. ასევე შესაძლებელია მსუბუქი და პატარა ზომის სავარჯიშო ინსტრუმენტების წაღება, ისეთის, როგორიცაა მაგალითად ესპანდერი.
დაბოლოს, ითამაშეთ!
„ვარჯიში არ უნდა იყოს რუტინული სამუშაო. ეს სახალისო უნდა იყოს. გაიხსენეთ, როცა ბავშვები ვიყავით, ვარჯიში თამაში იყო. ჩვენ გარეთ სწორედ სათამაშოდ გავდიოდით. დააკვირდით, რას აკეთებენ ბავშვები სადღესასწალო შეკრებებზე. იქნებ სცადოთ და გადაიღოთ მათი საცეკვაო მოძრაობები. შეგიძლიათ შეუერთდეთ მათ დამალობანას ან სხვა სახის თამაშებში,“- გვირჩევს სანტასი.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”