ვირუსების სეზონი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. ამის ერთ-ერთი შედეგი კი ისაა, რომ ინფიცირებული ადამიანები ვარჯიშს თავს ანებებენ. თუმცა ყველა დაავადება არ მოითხოვს ფიზიკური აქტივობის გვერდით გადადებას. დაავადების საშუალო და რთული მიმდინარეობისას გარკვეული პერიოდით დასვენება და აღდგენა აუცილებელია. ჯანმრთელობის მსუბუქი პრობლემები კი შესაძლოა, სხეულის მოძრაობამ შეამციროს კიდეც.
თემაზე CNN-ის ვებგვერდის ფიტნეს-რუბრიკა წერს და აღნიშნავს, რომ სრული უმოქმედობა და საწოლზე მიჯაჭვულობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, ენერგიის დონესა და აღდგენის უნარზე. ფიტნეს-აპლიკაციის Zing Coach-ის თანადამფუძნებელი, შვეიცარიელი სპეციალისტი ვალტერ ჯერგია ამბობს, რომ სტანდარტული სამედიცინო რეკომენდაციების თანახმად, თუ სიმპტომები კისრის ზემოთაა – მაგალითად, გვაქვს თავის ტკივილი, სურდო ან ყელის ტკივილი, მსუბუქი ან ზომიერი აქტივობა დასაშვებია.
თუმცა თუ სიმპტომები უფრო ქვემოთაა – მაგალითად, აღინიშნება გულმკერდის ტკივილი ან კუჭის პრობლემები – ჯობია, ფიზიკური აქტივობისგან თავი შეიკავოთ. არასდროს არ აკეთოთ ვარჯიშები, თუ სიცხე გაქვთ, რადგან ესაა ნიშანი, რომ თქვენი ორგანიზმი ინფექციას ებრძვის.
რაც შეეხება ვარჯიშებს, რომლებიც მსუბუქი დაავადების დროს შეგიძლიათ აკეთოთ, ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა თქვენი აქტიურობის ჩვეული დონე, ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
„თუ თქვენი დაავადება მსუბუქი ან ზომიერია, შეგიძლიათ სპორტული აქტივობები გააგრძელოთ, მაგრამ ეს უფრო მცირე დატვირთვის უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ. თუ თქვენ კვირაში 10 მილის (დაახლოებით 16 კმ.) მანძილზე დარბიხართ, მაგრამ ახლა მსუბუქად ხართ გაციებული, გაირბინეთ 5 მილი, “ – განაცხადა ოჯახის ექიმმა ბრიუს ბარეტმა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან.
ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ფორმაა სეირნობა. თუმცა, ჯერგიას თქმით, თუ ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსზე ნაკლებია, ჯობია, შენობაში ივარჯიშოთ.
„როცა ჰაერი ცივია, მან შესაძლოა გააღიზიანოს ფილტვები და ბრონქები და ხველა გამოიწვიოს, ან ანთება გააძლიეროს და, შედეგად, დაავადება უფრო დამძიმდება,“ – აღნიშნა მან.
ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია ნელი და მსუბუქი მოძრაობები, მსუბუქი გაჭიმვები. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც სპორტით რეგულარულადაა დაკავებული. ასევე კარგია იოგა. სპეციალისტი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს სპორტით აქტიურად დაკავებულ ადამიანებს, რომლებსაც ვარჯიშს განახლება რაც შეიძლება მალე სურთ. სპეციალისტის შეფასებით, ასეთი მოუთმენლობა გამოჯანმრთელების პროცესის შენელებისა და ავადმყოფობის რეციდივის რისკს ქმნის. გარდა ამისა, ვირუსული დაავადების დროს ინტენსიური მოძრაობების შესრულებამ, შესაძლოა, ქრონიკულ დაღლილობა გამოიწვიოს და გულის კუნთის ანთებამდეც კი მიგვიყვანოს.
ზოგადად კი, ბარეტის თქმით, ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობენ, უფრო იშვიათად და მოკლე დროით ავადობენ. მას მოჰყავს ჟურნალ Annals of Family Medicine-ში 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმად, ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და მედიტირებენ, გრიპისა და გაციების ხანგრძლივობა მცირდება და სიმპტომებიც მსუბუქდება.
ბარეტის თქმით, თუკი ადამიანები, რომლებიც არ მისდევენ სპორტულ ცხოვრებას, კვირაში 2, 3 ან 4 საათით ვარჯიშს დაიწყებენ, დაავადებების რისკს შეამცირებენ.
2020 წელს ჟურნალ Medicines-ში გამოქვეყნებული მეტაანალიზის თანახმად, ციგუნი და ტაი-ჩი დადებით გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე და ანთების მიმართ მის რეაქციაზე. ციგუნი ასევე ეფექტიან მეთოდად იქნა აღიარებული ართრიტის, დეპრესიისა და ანთების დროს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”